საქართველოს ხელისუფლება ეკოტურიზმის განვითარებაზე მილიონობით დოლარს დახარჯავს

წელს 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1.200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. 2023 წელს 22,5 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეაბილიტაციას, განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1.200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, ასევე სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს ვიზიტორებისთვის, აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 53%-ით (902 010 ვიზიტორი) არის გაზრდილი.
„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად ხორციელდება ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელს, წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. კანიონმა, გახსნის დღიდან, დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები. გარდა ამისა, საქართველოში 11 ეროვნული პარკია.