თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი გლობალური ომის პარტიის მფარველობის ქვეშაა, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ მან ქვეყანაში რევოლუციური პროცესები დააფინანსოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სამშობლოში კეზერაშვილი ბრალდებულია 5 მლნ ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. აპრილში კეზერაშვილი გახდა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტი – ბრიტანული ტელეკომპანიის განცხადებით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას.
„ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ რევოლუციური პროცესები დააფინანსოს. თუმცა, ყოველივე ეს მარცხისთვისაა განწირული. კეზერაშვილი, ზოგადად, წარუმატებელი ინვესტიციებითაა ცნობილი", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, კეზერაშვილის ინვესტიციების მთავარი სიმბოლო ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულაა", რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2019 წელს დააარსა.
„ეს არის ტელევიზია 1%-იანი რეიტინგით, რომელზეც (კეზერაშვილი) ყოველწლიურად მილიონ დოლარს ხარჯავს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ეს ძალიან კარგია, რადგანაც იგი შედეგს ვერ აღწევს, ხოლო ჯარიდან და ბიზნესიდან მოპარული ფული საბოლოოდ საქართველოში ბრუნდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია.
კობახიძის თქმით, კეზერაშვილს გავლენიანი სუბიექტი მფარველობს, რომლის წყალობითაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება.
„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. სწორედ ამიტომ კეზერაშვილი, რომელიც ძებნაშია, თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მას საქართველოში გაძარცული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
2023 წლის აპრილში კეზერაშვილი ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ახალ სკანდალში გაეხვია. ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების“ დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს“.