თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მუშაობს სუდანიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
სხვადასხვა ინფორმაციით, სუდანში 30–40 საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი ნაწილი ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია. მათი ქვეყნიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა, ერთი მხრივ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ მათი საჭიროებების, თუმცა ძალიან შეზღუდული ვართ ჩვენს ნაბიჯებში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილზე მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ასევე აპირებენ თავიანთი მოქალაქეების და თანამშრომლების სუდანიდან გაყვანას.
სუდანში მიმდინარეობს ბრძოლები რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. შეტაკებები დაიწყო 15 აპრილის დილით, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსა, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანში კონფლიქტის მიზეზი
დღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა 2019 წელს ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა, ამ დრომდე ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.
სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა (რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს) და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში დგას მუჰამედ დაგლო.
უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხი აღმოჩნდა.
სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.