თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. რუსეთი იაპონური „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ სამხრეთ კურილის კუნძულების ხსენებას ბათილად მიიჩნევს, რადგან კუნძულები რუსეთის განუყოფელი ნაწილია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე იაპონიამ 2023 წლის „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“, თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ზედიზედ მეორედ გამოიყენა ფორმულირება „ჩრდილოეთის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია“ (ასე უწოდებენ ქვეყანაში კურილის კუნძულებს). პირველად ასეთი ჩანაწერი წიგნში 2011 წელს გაჩნდა, რა დროსაც კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად დასახელდა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, იაპონია რეგულარულად ასახავს „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ თავის „ეგრეთ წოდებულ იურიდიულ პოზიციას, რომელიც რუსეთისადმი უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს ეფუძნება“.
„ამგვარ პასაჟებს ძალის არმქონედ მივიჩნევთ. სამხრეთ კურილები რუსეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის, საერთაშორისო კანონების საფუძველზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგებს ეფუძნება. ეს არის რეალობა, რომელსაც იაპონია ვერ გაექცევა“, — აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
2011 წლის შემდეგ პირველად იგივე ფორმულირება იაპონიამ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2022 წლის მარტის ბოლოს გამოიყენა. წიგნში ჩაიწერა, რომ კურილის კუნძულები „იაპონიის განუყოფელი ნაწილია და ამჟამად რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული“.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
„დიპლომატიის ლურჯი წიგნი“ — დიპლომატიური დოკუმენტებისა და სხვა მასალების კრებული, რომლებსაც იაპონიის მთავრობა გამოსცემს პარლამენტისთვის ან მისი კომისიებისთვის წარსადგენად. „ლურჯი წიგნი“ არ არის ოფიციალური დასახელება, თუმცა საკმაოდ ფართოდ გამოიყენება.
„დიპლომატიის ლურჯ წიგნს“ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1957 წლიდან გამოსცემს ყოველწლიურად. ეს არის ერთგვარი საცნობარო წიგნი, რომელიც ასახავს იაპონიის მთავრობის ოფიციალურ დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.