თუ ძაღლი მოიწამლა: სასწრაფო დახმარება ექიმთან წაყვანამდე

არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ძაღლი სხვადასხვა ნივთიერებით იწამლება, რაც დაყოვნების შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს.
Sputnik
ეს ზოგჯერ შეიძლება შემთხვევით მოხდეს, ზოგჯერ კი „დოგჰანტერების“ მიერ ქუჩებში სრულიად შეგნებულად დაყრილი საწამლავის — ზოოკუმარინის („თაგვის წამალი“), იზონიაზიდის (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი) ან სტრიქნინის შედეგი იყოს, რომლებიც მძიმე მოწამვლას იწვევს.
ამიტომ თუ რაღაც მიზეზით თქვენი მეგობრის კლინიკაში სასწრაფოდ და დაუყოვნებლად გადაყვანას ვერ ახერხებთ, კარგი იქნება, თუ ვეტერინერების რჩევებს გაითვალისწინებთ, რომლებიც, იმედია, არასდროს დაგჭირდებათ.

თუ ძაღლი „თაგვის წამლით“ მოიწამლა:

პირველი სიმპტომები 2-3 დღეზე ადრე არ იჩენს თავს. ჩვეულებრივ კი, როგორც წესი, მოწამვლის ნიშნები მხოლოდ მეხუთე-მეშვიდე დღეს ვლინდება.
ამ დროს ძაღლს ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაჭლავის ტრაქტიდან, თირკმელებიდან სისხლდენა ეწყება, ემართება სისხლჩაქცევა და უჩნდება ჰემატომები. შესაძლოა ჰქონდეს სისხლიანი პირღებინება, ასთმური შეტევა (სუნთქვის გართულება) და ხველება, გაუწითლდეს ლორწოვანა.
ასეთ შემთხვევაში ანტიდოტია ვიტამინი К1 და საჭიროა:
ძაღლს კუნთში გაუკეთდეს დიცინონი (ეტამზილატი) — 1 ამპულა;
კუნთქვეშ გაუკეთდეს ვიკასოლი — 3 მლ;
პირში უნემსო შპრიცით ჩაესხას ამინოკაპრონის მჟავას 100–200 მლ ხსნარი;
ამის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში.

თუ ძაღლი იზონიაზიდით მოიწამლა:

იცოდეთ, რომ პირველი ნიშნები მოწამვლიდან 30-60 წუთის შემდეგ ჩნდება. ესენია: ღებინება, ჭარბი ნერწყვიანობა (ქაფი), მოდუნება, დეზორიენტაცია. 1-3 საათის შემდეგ რთულდება სუნთქვა, იწყება არითმია, კრუნჩხვები და დგება კომა.
ასეთ შემთხვევაში ანტიდოტია პიროდიქსინ ჰიდროქლორიდი, ანუ ვიტამინი В6 და საჭიროა:
ძაღლს პირველ რიგში კუნთში უნდა გაუკეთდეს პიროდოქსინი (ვიტამინი В6). 20 კგ-მდე ძაღლებს დაახლოებით 4-5 მლ, ხოლო 20 კგ-ზე მძიმეებს — 6-7 მლ. არ შეგეშინდეთ დოზის გადაჭარბებისა — ეს ვიტამინია და „გადაზედმეტება“ საკმაოდ რთულია. გახსოვდეთ, საშიშია არა ზედმეტი, არამედ ნაკლები დოზა, ვინაიდან ამას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
კრუნჩხვების მოხსნის შემდეგ ძაღლს პირში უნემსო 20 მილიგრამიანი შპრიცით უნდა ჩაესხას წყალში გახსნილი გააქტიურებული ნახშირი, რომელიც კარგად შთანთქავს ძაღლისთვის ესოდენ საშიშ და სახიფათო იზონიაზიდს.
ამის შემდეგ ძაღლი აუცილებლად გადაიყვანეთ კლინიკაში, ვეტერინართან, ვინაიდან მას უკვე წვეთოვანის დადგმა სჭირდება.

თუ ძაღლი ანტიფრიზით მოიწამლა:

სიმპტომები რამდენიმე წუთიდან 4 საათამდე პერიოდში ჩნდება. ამ დროს ძაღლს აქვს ხშირი ღებინება, დეპრესია, ერღვევა კოორდინაცია, ეწყება ლეთარგია, რომელიც თანდათან გადადის კომაში.
ასეთ შემთხვევაში ანტიდოტია ეთილის (ღვინის) სპირტი და საჭიროა:
გაუღოთ ძაღლს პირი და ისე, რომ თავი არ წამოაწევინოთ, ენის წვერზე დააყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. ეს ძლიერ პირღებინებას გამოიწვევს, რაც ამ დროს აუცილებელია.
ამის შემდეგ პირში უნდა ჩაესხას ეთილის (ღვინის) სპირტი, რა დროსაც დოზა ძაღლის წონის მიხედვით უნდა გამოითვალოს: 0,5-1 მილიგრამი სპირტი ერთ კილოგრამზე. თუ სპირტის მაგივრად არაყს გამოიყენებთ, დოზა გამოთვალეთ შემდეგნაირად: 0,9-1,5 მილილიტრი არაყი ძაღლის ერთ კილოგრამზე.
სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში.

თუ ძაღლი სტრიქნინით მოიწამლა:

სიმპტომები ორ საათში იჩენს თავს. ამ დროს ძაღლი აღგზნებულია, გაღიზიანებული და დაშინებული. ამას ძალიან სწრაფად მოჰყვება ინტენსიური ტეტანუსური კრუნჩხვები, რაც ძალზე მტკივნეულია.
კრუნჩხვა დაახლოებით 60 წამის განმავლობაში გრძელდება. ამ დროს ძაღლი თავს უკან აგდებს, სუნთქვა უჭირს და სხეულზე უჩნდება სილურჯე. ხელის მსუბუქი შეხებაც კი ამ დროს გამაღიზიანებლად მოქმედებს და კრუნჩხვას იწვევს. სწორედ ამ გზით შეგიძლიათ იოლად დაადგინოთ დიაგნოზი.
ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებია ჭარბნერწყვიანობა, კანკალი, ცალკეული კუნთების ტოკვა, კოლაფსი და კიდურების განზე გაჭიმვა.
ანტიდოტი არ არსებობს. ამიტომ, თუ მოწამვლის ნიშნები სახეზეა, მაგრამ ძაღლს დამოუკიდებლად ყლაპვა შეუძლია და ღებინება არ აქვს, ამ დროს აუცილებელია :
გამოიწვიოთ გულისრევა მარილის საშუალებით (რაც ზემოთ აღვწერეთ);
გამოურეცხოთ კუჭი ჩვეულებრივი წყლით ან „მარგანცოვკის“ ხსნარით;
შეუშვათ კუჭში გააქტიურებული ნახშირი;
მიმართოთ ექიმს.