თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სისხლის მაღალი წნევა, ანუ ჰიპერტენზია ხშირად დაუბალანსებელი კვების შედეგად ჩნდება, თუმცა არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომელთა რეგულარული მოხმარება ჰიპერტენზიის სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლას ეხმარება, წერს Daily Express ექსპერტებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, ასეთთა შორისაა ჭარხლის წვენი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას დალევიდან რამდენიმე საათში აქვეითებს.
როგორც ორგანიზაცია Exercise With Style-ს ექსპერტი ბენ დილონი განმარტავს, ჭარხლის წვენი საკვები ნიტრატების (NO3) მდიდარი წყაროა, რომლებსაც პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები ნიტრიტებად (NO2) გარდაქმნის. როდესაც ეს ნიტრიტები კუჭში ხვდება და სისხლში შეიწოვება, ისინი აზოტის ოქსიდად (NO) გარდაიქმნება. ეს არის სასიგნალო მოლეკულა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების გაფართოებასა და მოდუნებაში. სისხლძარღვების გაფართოება და მოდუნება კი ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას, აუმჯობესებს სისხლნაკადს და, საბოლოო ჯამში, აქვეითებს არტერიულ წნევას.
აღსანიშნავია, რომ ბენ დილონის შეხედულებას ჭარხლის წვენთან დაკავშირებით ადასტურებს 22 მეცნიერული კვლევის მეტაანალიზიც, რომლის შედეგებიც Journal of Nutrition-შია გამოქვეყნებული.
როგორც ანალიზმა აჩვენა, ჭარხლის წვენი „მნიშვნელოვნად აქვეითებს სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას. თუმცა იქვე დაზუსტებულია, რომ მკაფიოდ გამოხატული ეფექტის მისაღებად დღეში 500 მილილიტრზე მეტი წვენის მიღებაა საჭირო.
სხვა კვლევამ, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ Hypertension-შია გამოქვეყნებული, დაადასტურა, რომ 500 მილილიტრი ჭარხლის წვენი არტერიულ წნევას დალევიდან სამ-ექვს საათში ამცირებს, თუმცა ყველაზე დიდი კლება მიღებიდან სამ-ოთხ საათში ფიქსირდება. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ სასმელის ჰიპოტენზიური ეფექტი მინიმუმ 24 საათის განმავლობაშია შენარჩუნებული.
როგორც ბენ დილონი ამბობს, იმისათვის, რომ ჭარხლის წვენმა მაღალი წნევის შემცირების კუთხით მაქსიმალური შედეგი მოიტანოს, საჭიროა, რომ ის ყოველდღურად მიირთვათ 250-500 მილილიტრის ოდენობით.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციები შეიძლება განსხვავებული იყოს. თითოეული პაციენტისთვის წვენის ოპტიმალური რაოდენობა უნდა გამოითვალოს ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორებიცაა: გენეტიკა, ასაკი, ზოგადი ჯანმრთელობა და ა.შ.“ — განმარტა დილონმა.
გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, თუ წნევის წამლებს სვამთ, რაციონში ჭარხლის წვენის ჩართვამდე აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. საქმე ისაა, რომ ჭარხლის წვენისა და წამლების მიღების კომბინირებულმა ეფექტმა შეიძლება წნევა ზედმეტად დააგდოს, რაც, თავის მხრივ, თავბრუსხვევასა და სისუსტეს გამოიწვევს, ზოგ შემთხვევაში კი სიცოცხლეს საფრთხეც კი შეიძლება შეუქმნას.
დილონის თქმით, ექიმი თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს ჭარხლის წვენის ოპტიმალურ რაოდენობას და არტერიული წნევის მაჩვენებლების ცვლილებებსაც დააკვირდება.
მანამდე ლონდონის Queen Mary University-ს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭარხლის წვენი ამცირებს ანთებას სისხლძარღვებში, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის, განსაკუთრებით, გულის კორონარული დაავადების მქონე ადამიანებში.