მსოფლიო დღეს

Google-ის წინააღმდეგ სარჩელს ცხრა შტატი შეუერთდა

Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სარჩელს კომპანია Alphabet-ის წინააღმდეგ, რომელიც Google-ის საძიებო სისტემის მფლობელია, კიდევ ცხრა შტატი შეუერთდა, იუწყება აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო.
თავდაპირველად სარჩელი მიმდინარე წლის იანვარში რვა შტატმა წარადგინა. კალიფორნიის, კოლორადოს, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკის, როდ-აილენდის, ტენესისა და ვირჯინიის გენერალური პროკურორები და იუსტიცის სამინისტრო Alphabet-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაარღვევაში ადანაშაულებდნენ ინტერნეტით სარეკლამო ბიზნესის წარმოებისას.
ამჯერად სარჩელს არიზონა, ილინოისი, მიჩიგანი, მინესოტა, ნებრასკა, ნიუ-ჰემფშირი, ჩრდილოეთ კაროლინა, ვაშინგტონი და ჩრდილოეთ ვირჯინია შეუერთდნენ.
Google-ის წარმომადგენლები უარყოფენ ყველა სახის კანონდარღვევას და ვირჯინიის სასამართლოს სარჩელის აცილებას სთხოვენ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში ანტიმონოპოლიური კანონების გამკაცრებას ცდილობს. გარდა Google-ის საქმიანობისა, აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე აპროტესტებს მსხვილ კომპანიებს შორის რამდენიმე სავარაუდო შერწყმას.
კომპანია Google-ს ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში ჯერ კიდევ 2020 წელს ადანაშაულებდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელსაც ცალკე სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში. ამ უკანასკნელის სასამართლო განხილვა 2023 წლის სექტემბერში დაიწყება.