თუ ბავშვმა თავი დაარტყა - უმნიშვნელოდაც კი: პედიატრი კომაროვსკი გირჩევთ

Sputnik
თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თავის უმნიშვნელოდ მირტყმასაც კი შესაძლოა ბავშვისთვის სახიფათო შედეგები მოჰყვეს, აცხადებს ცნობილი უკრაინელი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული ტრავმა — ეს სწორედ თავის ტრავმაა. და, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა უსაფრთხოა და ერთი შეხედვით, სერიოზული შედეგი არ მოსდევს, გახსოვდეთ, რომ თავის ყოველი დარტყმის შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა ანახოთ ექიმს.

როგორც კომაროვსკი ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ დაზიანებული იყოს თავის ტვინის ნივთიერება, ან თავის ქალაში სისხლდენას ჰქონდეს ადგილი.
ამიტომ, ექიმი გირჩევთ, აუცილებლად ანახოთ ექიმს ბავშვი, თუ:
არეულია ცნობიერება - ნებისმიერი გამოხატულებით;
დარღვეულია მეტყველება;
ქცევა არაადეკვატურია;
უჩვეულოდ მომატებულია ძილიანობა;
თავის ტკივილი გრძელდება ერთ საათზე მეტ ხანს;
იწყება კრუნჩხვები;
პირღებინება მეორდება;
თავბრუსხვევა და/ან წონასწორობის დარღვევა გრძელდება ერთ საათზე მეტ ხანს;
გაძნელებულია ხელის ან ფეხის განძრევა, დასუსტებულია კიდურები;
თვალის გუგები სხვადასხვა ზომისაა;
თვალების ქვეშ ან ყურების უკან ჩნდება მუქი ფერის ლაქები;
ცხვირიდან ან ყურებიდან იწყება უფერო სითხის დენა.

ყურადღება!

თუ ტრავმირებულმა ბავშვმა იტირა და ამ დროს ცინგლი წამოუვიდა, ეს საშიში არ არის. მაგრამ თუ ტირილის შეწყვეტის შემდეგ სურდოს ნიშნები (ცინგლი) დარჩა, რაც ტრავმამდე არ შეინიშნებოდა, მაშინვე ექიმისკენ გასწიეთ!
თუ ტრავმის შემდეგ, თუნდაც უმნიშვნელოდ, დაირღვა გრძნობათა ორგანოების ფუნქციონირება: ცუდად ან რაღაც სხვაგვარად ესმის, მხედველობა გაორებული აქვს ან დაბინდული, პირში უჩვეულო გემო აქვს, რაღაც სუნი ეჩვენება, კანი ეხორკლება - მაშინვე ექიმისკენ გასწიეთ!
საშიშმა სიმპტომებმა შესაძლოა მაშინვე არ იჩინოს თავი. ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ბავშვს 24 საათის განმავლობაში მაშინაც კი, თუ ტრავმა უმნიშვნელო ეჩვენებათ.
თუ ტრავმის შემდეგ ბავშვი დამშვიდდა და დაიძინა, შეაღვიძეთ ის ყოველ 2-3 საათში და დაუსვით მარტივი კითხვები. მაგალითად: რა გქვია? რამდენი წლის ხარ? და ა.შ.
თუ სახიფათო სიმპტომები არ შეინიშნება:
დაამშვიდეთ ბავშვი;
შეეცადეთ მაქსიმალურად შეუზღუდოთ აქტიური მოძრაობა: დააწვინეთ და წაუკითხეთ წიგნი, უამბეთ რამე საინტერესო;
დაადეთ ცივი საფენი ნატკენ ადგილზე.
გარდა ამისა, საშიში სიმპტომების გამოვლენისას, უნდა იცოდეთ რომ:
თუ ბავშვმა ცნობიერება დაკარგა, დააწვინეთ ზურგზე რაიმე მაგარ ზედაპირზე და დაუფიქსირეთ თავი ხელებით. ამ დროს ყურადღებით ადევნეთ თვალი სუნთქვას და თუ შენიშნეთ, რომ ბავშვს სუნთქვა უჭირს, გადააბრუნეთ ის გვერდზე და დააფიქსირეთ ასეთ მდგომარეობაში. ოღონდ გადაბრუნებისას დაუჭირეთ თავი, რათა ზედმეტად არ იმოძრაოს.
თუ ბავშვი გონებაზეა, ექიმის მოსვლამდე არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ არც წყალი და არც არანაირი საკვები;
არავითარ შემთხვევაში არ შეუცვალოთ ადგილი, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: თავის ნებისმიერი ტრავმა პოტენციურად საშიშია. ოდნავი ეჭვიც კი — და მაშინვე ექიმისკენ!