დავიდ ნარმანია
აშშ-ს მოკავშირეები უახლეს ამერიკულ გამანადგურებელ F-35-ებს ყიდულობენ. თუმცა პენტაგონი პრობლემების თაობაზე იტყობინება: ამ მოდელის თვითმფრინავებიდან მესამედზე ნაკლებია მზად, შეასრულოს ყველა საბრძოლო მისია. რა „საყმაწვილო სენი“ აწუხებს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ საავიაციო პროგრამას, ამაზე „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი წერს.
პენტაგონის შელახული სიამაყე
როგორც კი F-35 Lightning II („ელვა“) საზოგადოებას წარუდგინეს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პარტნიორები რიგში ჩადგნენ. ცოტა ხნის წინ რუმინეთიც შეუერთდა თითქმის ორ ათეულ სახელმწიფოს — თუმცა ბუქარესტს კიდევ რვა წელი მოუწევს ლოდინი.
ეს გამანადგურებელი ნახევარი საუკუნით უნდა გამხდარიყო ნატოში მთავარი. ამიტომაც ზოგიერთი კომპონენტი აშშ-ში არ იწარმოება. პროექტში სულ ცხრა ქვეყანა მონაწილეობს.
თვითმფრინავისადმი მოთხოვნები ძალიან მაღალია: უხილავობა, სიჩქარე, მანევრირება, დარტყმის ძალა, ბირთვული იარაღის ტარების უნარი. ყველაფერი, რაზეც გენერლებს ოცნება შეეძლოთ.
ნიმუში სამ ვარიანტად მუშავდებოდა:
F-35A — ტექნოლოგიურად უმარტივესი, ყველაზე იაფი (ერთ ცალი დაახლოებით 80 მილიონი დოლარი) და ყველაზე მასიური — მოკავშირე ქვეყნები 2,5 ათასზე მეტის შეძენას გეგმავენ;
F-35B — აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და ბრიტანეთის ფლოტისთვის — მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების ოფციებით. 25 მილიონით ძვირი. პენტაგონი მათ გამოყენებას „ამერიკის“ ტიპის სადესანტო გემებზე გეგმავს, რომლებიც სამსახურში 2010-იან წლებში შევიდა;
F-35C — საგემბანე ვერსია ავიამზიდებისთვის დასაჯდომით, გაფართოებული ფრთებითა და კუდით. ფასი — დაახლოებით 95 მილიონი დოლარი.
საერთო ჯამში 3,5 ათასამდე F-35-ის აწყობა სურდათ. თუმცა, წარმოიშვა სირთულეები.
გამაფრთხილებელი ზარი
ეს გამანადგურებელი F-16-ის მემკვიდრედ ჯერ კიდევ 2007 წელს დასახელდა, როდესაც ჰაერში მისი პროტოტიპი აფრინდა. ჯარმა პირველი მანქანები ხუთი წლის შემდეგ მიიღო. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 2001 წელს, Lockheed-მა პირობა დადო, რომ 2852 ერთეულზე შეკვეთას 2010 წლისთვის შეასრულებდა. ამისთვის კორპორაციამ 233 მილიარდი დოლარი მოითხოვა. 2004 წელს ფასი გაორმაგდა.
2013 წელს ისინი შვიდი წლით ჩამორჩებოდნენ გრაფიკს. 2022 წლისთვის პროგრამა 1,7 ტრილიონ დოლარამდე გაიბერა. „ოცდამეთხუთმეტის“ ფრენის ყოველი საათი, როგორც გაირკვა, გადასახადის გადამხდელებს 42 000 დოლარი უჯდებათ. და რაც მთავარია: გამანადგურებლებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს.
ორი წლის წინ პენტაგონმა განაცხადა, რომ გამოსაყენებლად ვარგისი მანქანების მხოლოდ 36 პროცენტი იყო. მას შემდეგ ხარვეზებმა იმატა.
მეხუთე თაობა?
პრობლემების სია უკვე ათობით კი არა, ასობით განისაზღვრება.
დეკემბერში F-35B ფორტ უორტის საჰაერო ძალების ბაზაზე ვერტიკალური დაშვების დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ მიწოდება და ფრენები ორი თვით გაიყინა. მარტში მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ საქმეში გაერკვა, მაგრამ პრობლემის დაუყოვნებლივ გამოსწორება შეუძლებელია.
ასევე მარტივად არ არის საქმე მეხუთე თაობის მებრძოლისთვის ერთი შეხედვით სავალდებულო ოფციის — ზებგერითი სიჩქარით ფრენის მხრივაც. თუ F-35-ის საგემბანე ვერსიები საკმარისად დიდხანს რჩება ამ რეჟიმში, უზიანდებათ საფარი და კარგავენ „უჩინრობის“ უნარს. გარდა ამისა, მწყობრიდან გამოდის საანტენე და კუდის განყოფილებებიც.
პენტაგონმა გადაწყვიტა, ზებგერითი სიჩქარით ფრენა რამდენიმე ათეული წამით შეეზღუდა. ამ დეფექტის აღმოფხვრა ძალიან ძვირად ჩაითვალა.
სირთულეებს აწყდებიან პილოტებიც. ეს ჰიპოქსიაა, რაც უკვე დაახლოებით 40-ჯერ მოხდა ძირითადად F-35A-ზე.
რამდენიმე მანქანა პროგრამულ უზრუნველყოფაში შეფერხების გამო დაიმტვრა. გარდა ამისა, იყო პრეტენზიები ჩაფხუტის დისპკეის „მწვანე ნათებაზეც“. არადა, ეს ჩაფხუტი სპორტული მანქანის ფასი, 400 ათასი დოლარი ღირს.
ზოგიერთი ინციდენტი კი ბოროტ ირონიას ჰგავს — პენტაგონმა ჭექა-ქუხილის დროს ფრენა აკრძალა.
მწარმოებლები გამანადგურებლის დახვეწას განაგრძობენ, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. თუმცა პროგრამის ღირებულება ისედაც კოსმოსურია.
როგორც გარდაცვლილმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, F-35 იქცა „ქრესტომათიულ მაგალითად იმისა, თუ რამდენად დაზიანებულია ამერიკული თავდაცვის შესყიდვების სისტემა“. მაგრამ აშშ-ის მოკავშირეები მაინც იძულებულნი არიან, სეიძინონ ისინი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე