მსოფლიო დღეს

ბრძოლები სუდანში: საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამემამულეებთან კავშირზეა

სუდანში 13 აპრილს დაიწყო ბრძოლები ჯარსა და „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
სუდანში მიმდინარეობს ბრძოლები რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. შეტაკებები დაიწყო გასულ შაბათს დილით, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს განათავსა თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe), სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში: შეტაკება მსხვერპლით დასრულდა >>
ამასთან, მხარეები ერთმანეთს დაპირისპირების დაწყებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ისინი აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს საბრძოლო მოქმედებებში წარმატებებისა და ობიექტებზე კონტროლის შესახებ - მათ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი წამოიწყეს მედიასა და სოციალურ ქსელებში.
საბრძოლო შეტაკებები არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ასევე მიმდინარეობს სუდანის სხვა პროვინციებში.
სუდანის ექიმების ცენტრალურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ 13 აპრილიდან სუდანში შეტაკებების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა და 942 დაშავდა.