იწყება ქართული ფილმების მხარდაჭერის ახალი პროგრამა

პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული კინოპროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი- Sputnik. საქართველოში ქართული ფილმების კომერციალიზაციისა და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა აამოქმედა, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული კინოპროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ასევე ადგილობრივი კინოწარმოების ხელშეწყობა და განავითარება. პროგრამაში მონაწილე ქართული კინოკომპანიები დახმარებას მარკეტინგის კუთხითაც მიიღებენ.
ხიდურელის თქმით, სააგენტოს მუდმივად ჩამოჰყავს საქართველოში სხვადასხვა მაღალი რანგის საერთაშორისო კინოექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ასევე აქვს პროგრამა „გადაიღე საქართველოში", რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.