ენდრო – სამკურნალო მცენარე და მისი სასარგებლო თვისებები

ენდრო ჩვენთვის, ძირითადად, ასოცირდება აღდგომასთან და კვერცხის შეღებვასთან, მაგრამ ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.
Sputnik
ენდრო (Rubia tinctorum) ენდროსებრთა (Rubiaceae) ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი. ფესვის ზედა ნაწილიდან იზრდება მხოხავი, მერქნისებრი მრავალთავა ფესურა, რომელზეც კვირტებია განლაგებული.
ფოთლები ვიწროკვერცხისებრი, წაწვეტებული ფორმისაა, ხრტილისებრი ბღაუჭა კბილებით. ღეროები და ფოთლები შებუსულია. ყვავილედი გაშლილი, რთული საგველაა. ყვავილები წვრილია და ყვითელი გვირგვინი აქვს. მწიფე ნაყოფი შავი ფერისაა, წვნიანი და კენკროვანი. ენდრო ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში.
ენდრო გავრცელებულია მთის ფერდობებზე, იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე.
მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის საშუალებით (ნაცარი, შაბი, გამხმარი შვინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში და სხვა) იღებდნენ წითელი ფერის ფართო სპექტრს. ენდროთი იღებებოდა ბამბის, შალის, მატყლის მრავალფეროვანი საფეიქრო ნაწარმი. იგი იძლეოდა მდგრად ფერებს.
სამკურნალო მცენარეები. კვრინჩხი (ღოღნაშო)>>
ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. მისი პლანტაციები საქართველოში გაშენებული იყო სხვადასხვა ადგილზე (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ხელოვნური საღებავის — ანილინის მიღების შემდეგ ენდროს აღარ იყენებდნენ. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.
ენდრო შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, შაქარსა და სხვა ნივთიერებებს. მედიცინაში გამოიყენება ენდროსშემცვლელი პრეპარატები, რომლებიც შლიან ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. აქვს შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება.
ბზა და მისი სამკურნალო თვისებები
ენდრო აყუჩებს ტკივილის შეგრძნებას შარდის გამოყოფის დროს, ტკივილს თირკმელებში, აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ცვლას.
მედიცინაში გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვები.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ენდროს ნაყენი და ნახარში; ოფიციალურ მედიცინაში კი იყენებენ ენდროს ექსტრაქტს წვეთებსა და აბებში, ნაყენს, ფხვნილსა და ფიტოჩაის მცენარეებისგან. ასევე მცენარის ფესვებისგან ამზადებენ მალამოს (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად), რომელსაც გარეგანი დაზიანებების, მოტეხილობის დროს ხმარობენ.
მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები>>
ენდროს ნახარში კარგად მოქმედებს ზედა და ქვედა კიდურებიდან მარილების გამოდევნაზე ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა პოდაგრა, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, პოლიართრიტი. ნახარში ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ კარგად დაქუცმაცებულ (თითქმის ფხვნილის ფორმით) ენდროს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გააგრილეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.
ნაყენი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისა და ქოლეცესტიტის დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, დიურეტული (შარდმომგვრელი) და სპაზმოლიტური საშუალება.
ჭინჭარი - გემრიელი და უაღრესად სასარგებლო მცენარე
ენდროს წვეთებს მედიცინაში იყენებენ თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს.
სხვადასხვა ქვეყანაში ენდროს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ამენორეა (მენსტრუაციის უქონლობა), ანურია (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის შეწყვეტა), გულის სარქვლის უკმარისობა, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის შემთხვევებში.
მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები>>
ენდროს საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს ადამიანის ორგნიზმი, მთლიანობაში, კარგად იტანს, მხოლოდ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მისი მიღების დროს შარდი მოწითალო ფერის ხდება. თუ სიწითლე ინტენსიურია, ენდროზე დამზადებული პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ასევე ენდროს მიღება არაა რეკომენდებული კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს.
P.S. ენდროს სამკურნალო მიზნით მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით