რატომ ვერ იზიდავს საქართველო ტურისტებს თურქეთიდან? ტუროპერატორი

Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველო ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადის დონით კმაყოფილია, თურქეთიდან ტურისტების მოზიდვა კლიმატური პირობებისა და ადეკვატური მასშტაბის სასტუმრო კომპლექსების არარსებობის გამო ვერ იქნება შესაძლებელი, განაცხადა РИА Новости-თან ქართული ტურისტული სააგენტო Hot travel group-ის წარმომადგენელმა.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კურორტებზე გაჩნდება All inclusive სისტემა და ამით საქართველო გეგმავს თურქეთიდან რუსი ტურისტების მოზიდვას.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოში დიდი მასშტაბით გაჩნდება სასტუმროები All-Inclusive სისტემით. შავი ზღვის კურორტებზე უკვე არის ასეთი სასტუმროები... კიდევ რამდენიმე იხსნება, თუმცა, რაც შეეხება ტურისტების გადმობირებას, ჩვენ არ ვგეგმავთ", - განაცხადა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.
მისი თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, პირველ რიგში, კლიმატური პირობების გამო, რადგანაც ზაფხულის სეზონზე საქართველოში არ არის გარანტირებული მზიანი დღეები. გარდა ამისა, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია დიდი ტერიტორიის მქონე სასტუმრო კომპლექსები და შესაბამისი რაოდენობის პერსონალი.
როგორც ტურისტულ სააგენტოში აღნიშნეს, საქართველო, ზოგადად, კმაყოფილია ტურისტული ნაკადის დონით, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.
„საზღვაო კურორტების გარდა, საქართველო მთელი წლის განმავლობაში გთავაზობთ ტურების დიდ არჩევანს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით", - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველომ 1,2 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 74,7%-ით აღადგინა.