ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე კვლავ ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა, იუწყება საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ფედერაციის ცნობით, კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა, ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.
„შედეგად გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა, ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ლაშა ტალახაძეს ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე გადასცეს.