თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა. იესო ჯერ ისევ სამარხში წევს, მაგრამ გარშემო უკვე ყველაფერი სავსეა წინასააღდგომო სიხარულით.
„Sputnik საქართველო“ გიამბობთ, რა მსახურება სრულდება დიდ შაბათს და იმაზეც, თუ რა მინიშნებებია გავრცელებული ამ დღესთან დაკავშირებით.
დიდი შაბათი
წმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვარი ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს დაიკრძალა.
რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა იოსებმა პროკურატორ პილატესგან იესოს დამარხვის ნებართვა მიიღო.
ჯვრიდან გარდამოხსნილი იესოს ცხედარი განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.
ფარისევლებმა, რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველება მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, პილატეს სთხოვეს, სამარხთან გუშაგები დაეყენებინა, თითქოს ეშინოდათ, რომ ცხედარი არავის მოეპარა.
რომის პროკურატორმაც განკარგულება გასცა, რომ სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად, წინასწარმეტყველება აღსრულდა — კვირა დღეს სამარხი ცარიელი აღმოჩნდა, რაც ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.
ღვთისმსახურების განრიგი
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება, რომელიც პარასკევ საღამოს იწყება. საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიეროცაა და სადღესასწაულოც, რადგან დიდი შაბათი ვნების კვირეულის დასასრულად და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.
ტაძრებში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, კვერცხები და პასკებიიკურთხება, საღამოდან კი მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც მკაცრი მარხვაა სავალდებულო. ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 საათის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს.
ვნების შაბათის მინიშნებები
დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული.
მაგალითად:
თუ დიდ შაბათს მზიანი და თბილი ამინდი დადგა — ზაფხული ცხელი იქნება, ხოლო თუ ცაზე ღრუბელმა მოიყარა თავი — წვიმიანი და გრილი.
ვინც აღდგომისწინა ღამეს გაათენებს, ბედნიერებას ეწევა;
თუ დიდ შაბათს ეკლესიაში ნაკურთხ კვერცხს წყალში ჩააგდებ და იმ წყლით პირს დაიბან, სიბერემდე ჯანმრთელი იქნები;
ამ დღეს დაბადებულ ბავშვებს უბედურება მთელი ცხოვრება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს;
დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი ცუდის ნიშანია — შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ;
თუ დიდ შაბათს სახლიდან რამეს გასცემთ, შეიძლება თქვენი კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა თან გაჰყვეს...