ხშირ შემთხვევაში ამ წესებს, რიტუალებსა თუ მინიშნებებს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, უფრო მეტიც, ისინი წარმართული პერიოდიდანაა შემორჩენილი, მაგრამ უკვე იმდენად მყარადაა გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში, რომ ლამის გაიგივებულია კანონიკურ ტრადიციებთან.
გარდა ამისა, ეს ადათ-წესები ადამიანთა ყოფის, კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ცუდი არ იქნება მათი ცოდნა.
ხალხური რწმენით, წითელ პარასკევს არ შეიძლება:
საოჯახო საქმეების კეთება, განსაკუთრებით, კერვა, რეცხვა და რამის ჭრა;
ბანაობა – ამ წესის დარღვევა ხალხს დიდ ცოდვად მიაჩნდა;
სიმღერა, მხიარულება, გართობა – მიიჩნევა, რომ ვინც ამ დღეს იმხიარულებს, მთელი წელი სატირლად ექნება საქმე;
მიწაში რკინის საგნების ჩარჭობა – მაგალითად, ბარის, თოხის და ა.შ. ამიტომ ამ დღეს დარგულ-დათესილი მცენარე აუცილებლად დაიღუპება;
შვილის ჩასახვა – ბავშვი, დიდი ალბათობით, ავადმყოფი დაიბადება, ან სასტიკ დამნაშავედ ჩამოყალიბდება;
მიწაზე დანერწყვება – ვინც ამ დღეს მიწას დააფურთხებს, იმას წმინდანები მთელი წლით გაუწყრებიან.
თუ წითელ პარასკევს...
ამბობენ, რომ წითელ პარასკევს გამომცხვარი პური არასდროს ობდება და თანაც სამკურნალო თვისება აქვს – ნებისმერ ავადმყოფობას უხდება.
წინაპრების გადმოცემით, ამ დღეს ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ალკოჰოლიზმს, თვალისცემასა და ნაღველს კურნავს, ხოლო ტილო, რომელიც სახლის ყველა კუთხეს უნდა მოუსვათ და მერე უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილზე შეინახოთ – მტკივან წელსა და ფეხებს.
გარდა ამისა, ძველების თქმით:
თუ მთელი დღის განმავლობაში არაფერს დალევთ, მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი სასმელი ვერაფერს გავნებთ;
თუ ბეჭდებს აკურთხებინებთ, მთელი წელი დაცული იქნებით ყველანაირი ავადმყოფობისგან;
თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება;
თუ მოღრუბლული ამინდი იქნება – პურის ყანას სარეველა მოედება;
თუ ცა ვარსკვლავებიანი იქნება – ხორბალი მსხვილ თავთავს გაიკეთებს...