პირდაპირი რეისები არ ხორციელდება: საქართველომ უარყო ინფორმაცია რუსეთში ფრენების დაწყებაზე

რუსულ მხარეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, განაცხადეს სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება და რუსეთს არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარასკევს, 14 აპრილს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვი–თბილისის რეისს განახორციელებს. აღნიშნულს საფუძვლად დაედო მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის შესახებ ინფორმაცია.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სააგენტოში განმარტეს, რუსულ მხარეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს", – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, განმარტება გააკეთეს ტაბლოს ტექნიკური გაუმართაობის თაობაზე და განაცხადეს, რომ მიიღებენ ზომებს მის აღმოსაფხვრელად.
ავიარეისის შესახებ ინფორმაცია უარყო ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მაც და აღნიშნა, რომ მას ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა გააუქმა. ამის საფუძველი 2019 წლის ივლისში თბილისში მომხდარი მოვლენები იქცა. მაშინ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას სახალხო მღელვარება მოჰყვა ანტირუსული ლოზუნგებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები ამას მიესალმნენ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი წინააღმდეგ გამოვიდა.
უკვე თებერვლის დასაწყისში ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი სჭირდება".