მეუფე შიო: მაცხოვრის ჯვარცმა ბოროტების, სისასტიკის უკიდურესი გამოვლინებაა

წითელ პარასკევს მართლმადიდებლურ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები სრულდება.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. მსახურების დროს შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

„უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს, ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, აი, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დიდ, ანუ წითელ პარასკევს აღნიშნავს – დიდმარხვის ბოლოსწინა და ყველაზე მკაცრ დღეს, როდესაც იესო ქრისტე ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისთვის მოწამეობრივად აღესრულა.
ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.
წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.
მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი მიართვა და ახარა: „ქრისტე აღდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ტიბერიუსს, რომ კვერცხი გაწითლდა. იმ დროიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს.