თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უმსხვილეს ვეტერინარულ ცენტრს „ზოოპლაზას“ დაევალა დოკუმენტაციის წარმოება და მომხმარებლების ქართულ ენაზე მომსახურება, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ ვეტერინარულ ცენტრში ვითარების შესწავლა დაიწყო თბილისში მცხოვრები მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ცენტრის მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა.
„საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში ვეტერინარულმა ცენტრმა აიღო ვალდებულება – მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.
ვეტერინარული ცენტრი ვალდებულია ერთი თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს.
მსგავსი ტიპის საქმეების გადასაჭრელად კონკურენციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.