სასამართლომ ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

არასრულწლოვანს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 17 წლის განსასჯელი 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტრაგედია მესხიას ქუჩაზე 2022 წლის 20 ნოემბერს მოხდა. უბნის სტადიონთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა რამდენიმე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთ-ერთს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მოზარდი ექიმების მოსვლამდე გარდაიცვალა.
ზუგდიდში ჩხუბის დროს მოზარდი მოკლეს >>
სასამართლომ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
17 წლის ბრალდებულის დედა განაჩენს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.