თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აღდგა, მსუბუქი ავტომობილები რიკოთზე მოხვედრას 13 აპრილიდან შეძლებენ, იუწყებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ამჟამად რიკოთზე გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს, ხოლო 13 აპრილს 7 საათიდან მოძრაობა რიკოთზე სპეციალური რეჟიმით გაგრძელდება:
13 აპრილიდან ყოველდღე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-194-ე კმ (ახალსოფლის კვანძი- ზესტაფონი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმებით:
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
რიკოთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ტრანსპორტის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადაერთო. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა სპეციალური რეჟიმით 8 აპრილს აღდგა.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.