თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „ოლიგარქიული მმართველობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდეს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის განხილვის ფონზე ოპოზიციამ კანონის საკუთარი ვერსია წარმოადგინა. მთავარი განსხვავება მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული ვარიანტისგან არის პუნქტი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ, რაც, ოპოზიციის აზრით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გულისხმობდეს პარტიის დაფუძნებას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა, დარგობრივი ეკონომიკის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ოპოზიციის მიერ წარდგენილი პროექტი არ მოიწონეს.
მიუხედავად ამისა, პროექტს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გაიტანენ და საბოლოო სიტყვას პარლამენტი იტყვის.
ამასთან, მმართველი „ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში ოლიგარქების შესახებ კანონის თავის ახალ ვერსიას წარმოადგენს.
პროექტი საბოლოოდ დამუშავდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, რომელმაც კანონპროექტი გააკრიტიკა კანონის ბუნდოვანი ფორმულირების გამო პოლიტიკური ნიშნით დევნის საფრთხის არსებობის კუთხით.
კანონის ორი ვერსია
ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო ორგანოებზე ან თანამდებობის პირებზე და ექვსი პუნქტიდან სამს აკმაყოფილებს:
ოლიგარქი პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
მისი ოჯახის წევრები ან მასთან დაკავშირებული პირები, ასევე მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო ან პოლიტიკურ თანამდებობებს;
პირდაპირ ან ირიბად (მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედიასაშუალებებზე;
წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ-მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
პირის ან კომპანიის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ს, ან მას, მისი ოჯახის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი;
ნატოს, ევროკავშირის ქვეყნებმა, სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
„ოლიგარქის“ პოლიტიკური მოღვაწეობა გულისხმობს არა მარტო მაღალი თანამდებობის დაკავებას სახელმწიფო უწყებებში, მთავრობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, ეროვნულ ბანკში, მარეგულირებელ კომისიებში თუ პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლირებად ორგანოებში, არამედ მონაწილეობას პარტიის დაარსებაში ან/და მის ხელმძღვანელობაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ვერსიის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის მიმართვის საფუძველზე.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. აღნიშნულ რეესტრში მოხვდებიან ოლიგარქთან დაკავშირებული პირებიც.
რეესტრში შეყვანის შემდეგ დაუშვებელია ოლიგარქის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
მმართველი პარტიის თავდაპირველი კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი“ არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
კერძოდ, თავად ოლიგარქებს და მათ ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალებათ პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში.
ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში, ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.