თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე სეისმური საშიშროება შესწავლილი არ არის, წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.
30 მარტს რიკოთის უღელტეხილიდან საავტომობილო მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადაერთო, რისი მიზეზიც ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე მშენებლობის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესი გახდა. უღელტეხილზე მანქანებისთვის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სპეციალისტები რიკოთთან კლდისა და გრუნტის მასის ჩამოშლის მიზეზზე დასკვნას ამზადებენ, მუშავდება ღონისძიებები მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად.
„მოკლედ, რიკოთის მაგისტრალზე სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის. ისევ ჩვენი 24 წლის წინანდელი ნაშრომის მიმოხილვაა გადამღერებული. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით“, – დაწერა გოდოლაძემ.
გოდოლაძის თქმით, რიკოთის მონაკვეთი გეოლოგიურად მიეკუთვნება ძირულის მასივს. ძირულის მასივი აგებულია ყველაზე ძველი ქანებით ამიერკავკასიაში – 600 მილიონი წლისაა და აპალაჩებზე ძველია.
„აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას“, – დაწერა მან და დასასრულს აღნიშნა, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ამ მონაკვეთს აშენებდა, „აზრზე არ იყო რას აკეთებდა“.
რიკოთის უღელტეხილზე ხევი–უბისას ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას (12,2 კმ) ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group ახორციელებს.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.