თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს გაიზრდება 4%-ით, ნათქვამია ფონდის მოხსენებაში World Economic Outlook, April 2023.
იანვრის შეფასებასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არ შეცვლილა.
სსფ-ის პროგნოზებით, 2023 წელს ინფლაციის დონე მიზნობრივთან შედარებით (3%) მაღალი იქნება და 5,9%-ს შეადგენს. წინა პროგნოზი იყო 6%.
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ანალოგიურია. ამასთან, წელს ბიუჯეტში ეკონომიკის ზრდა 5%-ის დონეზეა ნავარაუდევი.
ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კორონავირუსის პანდემიის წინა პერიოდის 4%-ის დონეზე იქნება. მარეგულირებლის თქმით, 2022 წლისთვის ნავარაუდევი 10%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადით და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი ტემპით.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიოში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკები 2022 წელთან შედარებით მშპ-ს ზრდის განსაკუთრებით გამოხატულ შენელებას წააწყდებიან - 2,7%-დან 1,3%-მდე.
„განვითარებულ ეკონომიკებში მოსალოდნელია ზრდის განსაკუთრებით გამოხატული შენელება - 2022 წელს 2,7%-დან 2023 წელს 1,3%-მდე“, - ნათქვამია ორგანიზაციის დოკუმენტში.
ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მსოფლიოში 2023 წელს იქნება 7%, ხოლო 2024 წელს - 4,9%.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, ზრდის ასეთ „სუსტ“ ტემპებზე გავლენას ახდენს ინფლაციის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები, ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, ასევე ეკონომიკური ფრაგმენტაციის ზრდა.
2024 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებულ ეკონომიკებში მშპ-ის ზრდას 1,4%-ით ელის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა რუსეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წელს 0,7%-მდე, ხოლო 2024 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი გააუარესა 1,3%-მდე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022 წლის შედეგების მიხედვით შეაფასა რუსეთის მშპ-ს კლება 2,1%-ით, რაც ემთხვევა „როსსტატის“ შეფასებას.