ოთხი დღეა არავის უნახავს - კახეთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

დაკარგული ლევან დოლენჯაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ საძიებო სამუშაოები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ყვარელში 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ახალგაზრდა სოფელ საცხენიდან 8 აპრილს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ნათესავების თქმით, იმ დღეს ის მეზობელ სოფელში ნაცნობებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების ცნობით, დაკარგულს რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი არც ოჯახის წევრებთან და არც იმ ადამიანებთან ჰქონია, რომლებთან ერთადაც 8 აპრილის ღამეს გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე იქეიფა.
მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს >>
ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული ახალგაზრდა თბილისში, მეტროს სადგურ „ისნის“ ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა, ოჯახის წევრების ცნობით, ამ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება, რადგან, სამართალდამცველების თქმით, იმ კონკრეტულ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ვერ ხერხდება იქ არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება.
ახლა დოლენჯაშვილების ოჯახის თხოვნაა, რომ საძიებო სამუშაოები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
დაკარგულის ახლობლები ორშაბათს ყვარლის პოლიციაში გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.