თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. კენიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის გარემოს დაცვის კომიტეტი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ბაობაბების ექსპორტის საკითხზე ანგარიშს წარადგენს.
შეკვეთილის ეროვნულ დენდროლოგიურ პარკში კენიიდან რვა ბაობაბის ჩამოტანა იგეგმება. პარკისთვის ხეების შესყიდვას ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც პარკი ეკუთვნის.
კენიის პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები 2022 წელს ამოთხრილი ბაობაბების გარშემო არსებულ ვითარებას გაეცნენ.
დეპუტატებმა ადგილზე დაადგინეს, რომ ბაობაბების ტრანსპორტირებას გარემოსთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია, რადგან ბაობაბი არ არის კლასიფიცირებული, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა.
თუმცა, ამავე დროს, თემთა პალატის წარმომადგენლები დაფიქრდნენ ზოგადად ბაობაბების ექსპორტის საკითხზე.
„უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ისეთ ხეებს, როგორიცაა ბაობაბი. საზოგადოებას აქვს ძლიერი კულტურული მიჯაჭვულობა მათთან და ხეები დაცული უნდა იყოს", - თქვა რობერტ ორინამ, გარემოს მართვის ეროვნული სამმართველოს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.
მოსალოდნელია, რომ კომიტეტი დაწერს ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს კენიის პარლამენტის ქვედა პალატას - თემთა პალატას.
დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის 2020 წელს გაიხსნა.
60 ჰექტარი ფართობის მქონე დენდროპარკში თავმოყრილია 150-ზე მეტი უნიკალური სახეობის ხეები, რომლებიც ივანიშვილმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეკრიბა.
გიგანტურ ხეებს ხმელეთით და ზღვით ეზიდებოდნენ მილიარდერის რეზიდენციაში შეკვეთილში, რომლის ტერიტორიაზეც დენდროპარკია განთავსებული. ხეების გადაზიდვის ამსახველი კადრები არაერთხელ მოხვდა ქართული მედიის ობიექტივში. მოსახლეობას განსაკუთრებით დაამახსოვრდა 640 ტონიანი 50 მეტრის სიმაღლის ხის ზღვით გადაზიდვის კადრები. ეს იყო Tulip tree (ტიტების ხე).
პარკში, უნიკალური ხეების გარდა, მცირე ზომის ტბაა, სადაც ფრინველის 58 სახეობაა გავრცელებული – თუთიყუშების სხვადასხვა სახეობიდან დაწყებული, ვარდისფერი ფლამინგოებით დამთავრებული.