მიირთვით ცალ-ცალკე: დასახელდა არათავსებადი პროდუქტები

Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საჭმლის მონელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ საკვების სწორად შეთავსება, აცხადებენ კვების სპეციალიტები.
Ginza Project-ის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულმა განმარტა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა სასურველი ცალ-ცალკე.
მისი თქმით, ბევრმა ჩვეულმა პროდუქტმა ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება კუჭში სიმძიმე, გულძმარვა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარ კომბინაციებზე უარის თქმაა სასურველი.
ასეთთა შორისაა ისეთი ძალიან გავრცელებული კომბინაციები, როგორებიცაა:
ხორცი კარტოფილთან ერთად — საქმე ისაა, რომ სახამებლის შემცველი კარტოფილი არც ისე თავსებადია ხორცის ცხოველურ პროტეინთან, ამიტომ კუჭში დუღილის პროცესს იწვევს;
ხორცი და ფქვილეული — ხორცი ცომთან ერთად წონის მატებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩნდება სიმძიმის შეგრძნება, რადგან ცხოველური ცილებისა და ნელი ნახშირწყლების რთულ კომბინაციას ორგანიზმი ძნელად ითვისებს;
ხორცეული და ხილი — უმჯობესია ხილი ხორცის ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ან ჭამიდან ორი-სამი საათის შემდეგ მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ცხელი კერძების მონელებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ხილისა, რომელიც კუჭში დუღილს უკვე 15 წუთის შემდეგ იწყებს.
სპეციალისტის თქმით, ასევე „პრეტენზიული“ ბოსტნეულია პომიდორიც, რომლის ყველაზე გავრცელებული კომბინაციებია ყველი, კიტრი და კარტოფილი.
მისი განმარტებით:
პომიდვრისა და ყველის „ალიანსი“ — იწვევს მარილის მომატებულ დაგროვებას. პომიდორში არის გარკვეული მჟავა, რომელიც რეაქციაში შედის ყველის კალციუმთან. ამიტომ უმჯობესია მათი განცალკევება;
კიტრისა და პომიდვრის უპოპულარულესი სალათა ასევე ვერ იქნება სასარგებლო, ვინაიდან მათი შერევისას გარკვეული ვიტამინები იშლება;
პომიდორი ცუდად უთავსდება კარტოფილსაც და ეს კავშირი უარყოფითად მოქმედებს კუჭის მდგომარეობაზე. ასეთ კომბინაციაში კარტოფილის სახამებელი პომიდორს სასარგებლო თვისებებს ართმევს და ის უკვე უსარგებლო ტვირთის სახით ხვდება კუჭში.
ამასთან შეფ-მზარეულმა ცალკე გამოყო ნესვი და აღნიშნა, რომ ეს „უნიკალური სეზონური პროდუქტია, რომლის შეთავსებაც საერთოდ არაფერთან არ შეიძლება“.