თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - გენერალური პროკურატურა