თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გაჟონვამ ცხადყო, რომ აშშ თვალყურს ადევნებს როგორც მტრებს, ისე თავის მოკავშირეებს, იუწყება CNN წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, საიდუმლო მასალების გაჟონვის ფაქტმა „ღრმად შეაშფოთა აშშ-ის ოფიციალური პირები“, რომელთა აზრითაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ურთიერთობებს.
„ზოგიერთი დოკუმენტი, რომლებიც, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ნამდვილია, ამხელს აშშ-ის საკვანძო მოკავშირეების, მათ შორის სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის მოსმენების მასშტაბებს“, — ნათქვამია CNN-ის პუბლიკაციაში.
გაჟონილი მასალების ერთი ნაწილიდან ასევე ირკვევა, თუ რამდენად შეაღწია შეერთებულმა შტატებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და რუსულ კერძო სამხედო კომპანია „ვაგნერში“, სხვა ნაწილი კი ავლენს უკრაინის შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების მოცულობასა და მზადყოფნაში არსებულ ნაკლოვანებებს, და ეს იმ „კრიტიკულ მომენტში, როდესაც უკრაინული ძალები რუსების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან“.
„გაჟონვის გამო უკრაინამ უკვე შეცვალა თავისი სამხედრო გეგმები“, — განუცხადა CNN-ს უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ.
ამასთან, როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა საბრინა სინგჰმა განმარტა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო „უწყებათშორისი ძალისხმევები“ გაჟონვის შედეგების შესაფასებლად.
„მიღებულია უწყებათშორისი ძალისხმევები იმის შესაფასებლად, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ [საიდუმლო მასალების] ფოტოპირებმა აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, — აღნიშნა სინგჰმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს ძებნა დაიწყო. The New York Times-მა ამ დოკუმენტების გაჟონვას რუსული დაზვერვის ყველაზე დიდი წარმატება უწოდა სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გაზეთის წყაროები ამბობენ, ამ მონაცემებიდან ბევრი უკვე მოძველებულია და მარტის დასაწყისის ვითარებას ასახავს, მოსკოვი მაინც შეძლებს იქიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას.
წყარო: CNN