აღდგომის დღეებში მეტრო და ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იცვლება, იუწყება დედაქალაქის მერია.
კერძოდ, თბილისის მეტრო აღდგომის ღამეს, 15 აპრილის 23:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, დროის ამ პერიოდში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ამასთან, თბილისში ორი დღის განმავლობაში (16-17 აპრილს) მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
ავტობუსები გავა:
• მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან
• კუკიისა და მახათას სასაფლაოებზე — „მარჯანიშვილის“ მეტროს ტერიტორიიდან
• საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“
• თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან
• ველის სასაფლაოსკენ — ჭიჭინაძის №25-დან
• ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან“.
საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 16 აპრილს აღინიშნება. უქმეა ორშაბათიც, აღდგომის მეორე დღე. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.