თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს დღე ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს.
„ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს – კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს – გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
დღეს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა. თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.
2023 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღეს, 9 აპრილს ზეიმობს, ხოლო მართლმადიდებელი კი - 16 აპრილს.