თბილისში საკურას ყვავილობის დღეები დაიწყო

იაპონური თემატიკის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ ეს ღონისძიება
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 8 და 9 აპრილს თბილისში „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება.
მერიის ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა.
„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა უძღვებოდა.
საკურას ყვავილობა
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერ-კლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერ-კლასი ჩატარდება.