თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც მაისში დოჰაში გაიმართება, საქართველოდან სამი ძიუდოისტი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
მსოფლიო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქში 7-14 მაისის პერიოდში გაიმართება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 12 ძიუდოისტით განისაზღვრა – 9 ვაჟი და 3 გოგონა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა იმ სპორტსმენების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მამაკაცთა ნაკრები:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)
ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (90 კგ)
ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ)
გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ქალთა ნაკრები:
ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)
ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ტაშკენტში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.