მოსაზრება: რუსებმა და საუდელებმა აშშ-ს ადგილი მიუჩინეს

Sputnik
ნატალია დემბინსკაია
ამერიკელები დიდხანს ცდილობდნენ საუდელების დაყოლიებას მეტი ნავთობის მოპოვებაზე, რათა დაეგდოთ ფასები და შეერყიათ რუსეთის ბიუჯეტი. მაგრამ OPEC+-ში სხვაგვარად გადაწყვიტეს – წარმოება შეამცირეს, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
ახლა ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 100 დოლარამდე ავარდა. ბაზარზე დეფიციტს ელოდებიან. ვაშინგტონში კი ემზადებიან ინფლაციის აფეთქებისა და საწვავის გაძვირებისთვის, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ არც ისე კარგია. ვაშინგტონში ასეთ სიურპრიზს ერ-რიადისგან ნამდვილად არ ელოდნენ.

სრული მოულოდნელობა

ნედლეულის ბაზარზე არასტაბილური ვითარების მიზეზით OPEC+-ის რამდენიმე ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა. კერძოდ, მოსკოვმა და ერ-რიადმა მოპოვება დღეში 500.000 ბარელით შეამცირეს. შემცირების შესახებ გამოაცხადეს ასევე ერაყმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ქუვეითმა, ყაზახეთმა, ალჟირმა, ომანმა და გაბონმა. ამდენად, საერთო მოცულობა, რომლითაც მოპოვება შემცირდება, 1,66 მლნ ბარელი იქნება.
„პრევენციული ღონისძიებების სახით რუსეთი მოპოვებას თებერვლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 2023 წლის ბოლომდე დღეში 500.000 ბარელით შეამცირებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
ბაზრისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა: ითვლებოდა, რომ კარტელი შეინარჩუნებდა წარმოებას ძველებურ დონეზე. დამკვირვებლები გააკვირვა იმან, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არაგეგმურად, საბაზრო მოთხოვნილებისა და შეთავაზების ანალიზის გრაფიკის გაუთვალისწინებლად.
ამ ფონზე ნავთობის კოტირებები მაშინვე გაიზარდა. ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 87 დოლარს მიაღწია.

მოსალოდნელი დეფიციტი

ამგვარად, მხოლოდ რუსეთი და საუდის არაბეთი გაიტანენ ბაზრიდან დღეში მილიონ ბარელ ნავთობს. ეს იმ ფონზე, როდესაც ვარაუდობენ შავ ოქროზე მოთხოვნილების მკვეთრ ზრდას კოვიდ-შეზღუდვების შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნის გამო. Wood Mackenzie-ის შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნილება მსოფლიოში დღეში 2,6 მილიონი ბარელით გაიზრდება, აქედან მილიონს ჩინეთი წაიღებს.
გასული წლის ნოემბრიდან მოპოვების შეკვეცის პარალელურად OPEC+-ის ახალი გადაწყვეტილება მსოფლიო მოთხოვნილების სამ პროცენტს ეხება. მოპოვება მთლიანად დღეში 3,66 მილიონი ბარელით შემცირდება.
OPEC+-ის მანევრი წლის მეორე ნახევარში გამოიწვევს ნავთობის მნიშვნელოვან დეფიციტს, დაძაბულობას ბაზარზე და ნედლეულის გაძვირებას, დარწმუნებული არიან ანალიტიკოსები.
Goldman Sachs-ს პროგნოზით, დეკემბრისთვის ერთი ბარელი Brent-ის ფასი 95 დოლარს მიაღწევს.
„OPEC+-ს შეუძლია ფასების გაკონტროლება. მოულოდნელი შემცირება შეესაბამება მის ახალ დოქტრინას“, – ამბობენ ბანკის ექსპერტები.
„OPEC+-ს სურს ფასების შენარჩუნება მწარმოებელი ქვეყნებისთვის მისაღებ დონეზე. ამიტომ 85-90 დოლარი უახლოეს რამდენიმე თვეში – რეალურია“, – ამბობს ექსპერტი ოლეგ ჟურავლიოვი.

ინფლაცია და ბენზინი

აშშ-ში მეტად უკმაყოფილო არიან. „OPEC+-ის გადაწყვეტილება სინანულს აღძრავს. კოტირებებთან დაკავშირებით ჯერ არ ვარ დარწმუნებული“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.
სინანულის მიზეზი ნამდვილად არსებობს. დასავლეთის ქვეყნებსა და ოკეანის გადაღმა გრძელდება ინფლაცია და ბენზინის გაძვირება. Clearview Energy Partners-ის გათვლით, აშშ-ში გალონის ფასი 26 ცენტით მოიმატებს. ზაფხულისთვის ოთხი დოლარი ეღირება.
შარშან აშშ-ში ინფლაციის ტემპი 9,1%-მდე ავიდა. ესაა მაქსიმუმი ბოლო 41 წლის განმავლობაში. 2023 წელს შენელდა, თუმცა სამიზნე მაჩვენებლისგან მაინც შორსაა.
ანალიტიკოსები ინფლაციის შემდგომი ზრდის პროგნოზს აკეთებენ. გამორიცხული არ არის, რომ თეთრი სახლი კვლავ აამოქმედებს ნავთობის სტრატეგიულ რეზერვებს, რომელშიც ახლა 382 მილიონი ბარელია.
„Brent შეიძლება 100 დოლარამდეც გაძვირდეს, რაც, რასაკვირველია, აისახება ისედაც მაღალ ინფლაციაზე. აშშ-ის ეკონომიკაში შესაძლებელია სტაგფლაციური სიტუაცია“, – ფიქრობს ექსპერტი ევგენი შატოვი, Capital Lab-ის პარტნიორი.
ეს ყველაფერი არ არის ხელსაყრელი დემოკრატიული პარტიისთვის, განსაკუთრებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

არ აყვნენ

საუდის არაბეთში აცხადებდნენ, რომ OPEC+-ის გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ეკონომიკურ გათვლებს. თუმცა ნათელია, რომ კარტელი მოქმედებს საკუთარი ინტერესებით, რომლებიც არა მხოლოდ ნავთობის ფაქტორებით განისაზღვრება.
რუსეთი ახლა უფრო იოლად შეავსებს ბიუჯეტს. ვაშინგტონისთვის ეს, რასაკვირველია, ხელსაყრელი არ არის.
შატოვის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო-სავაჭრო ჩარჩო-შეთანხმებას. ტრადიციულად, ერ-რიადი ვაშინგტონის მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, ერთ-ერთი უძლიერესი ექსპორტის ბაზარი რეგიონში, ასევე მსხვილი კრედიტორი.
მიუხედავად ამისა, ნავთობის ახლო აღმოსავლელი მწარმოებლები რუსეთის მხარეს დადგნენ. ისინი აღარ ითვალისწინებენ ამერიკელების შეხედულებებს, წერს Nihon Keizai, და თანამშრომლობენ მოსკოვთან ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ხოლო ერ-რიადისა და ვაშინგტონის ურთიერთობა გაუარესდა. 2022 წლის ოქტომბერში ჯო ბაიდენმა საუდელები და რუსეთი აშშ-ში ბენზინის სიძვირეში დაადანაშაულა. ამერიკელების მოპოვების გაზრდის გეგმა ჩაიშალა.
ევროპის ბაზარზე წილის გაზრდით რუსეთის ახლო აღმოსავლელი პარტნიორები, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, დაეხმარონ მოსკოვს და არ დაუშვან კოტირებების ვარდნა, ამბობს ანალიტიკოსი. ამით გაითამაშეს დახვეწილი გამბიტი, რომლის გამო ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჯერ კიდევ დიდხანს ვერ გამოვლენ შოკიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე