თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სტერეოტიპი, თითქოს ალერგიის ამოცნობა იოლია ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა თვალების ცრემლიანობა, სურდო და გამონაყარი, მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, აცხადებენ ექიმები.
საქმე ისაა, რომ, მათი თქმით, ამ ნიშნების გარდა, რომლებიც ნამდვილად არის ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, არსებობს ფარული ნიშნებიც, რომლებიც ქრონიკულ ალერგიულ რეაქციებზე მიანიშნებს, მაგრამ ადამიანმა ეს არ იცის და ჰგონია, რომ ამ დაავადებას მასთან არაფერი ესაქმება.
ქვემოთ სწორედ ფარული ალერგიის სიმპტომებს გაგაცნობთ.
თავის ტკივილები
თავის ტკივილი ალერგიითა გამოწვეული, თუ:
ტკივილი ლოკალიზებულია ცხვირის ღრუს მიდამოში და გადაეცემა ცხვირის ხიდს.
ტკივილი ცალმხრივია (ანუ ვლინდება თავის მხოლოდ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს) და პულსირებს. შესაძლოა გაძლიერდეს მზის კაშკაშა შუქზე და თან ახლდეს გულისრევა.
თუ ასეთი შეტევები რეგულარულად მეორდება, ეს შეიძლება თივის ცხელების აშკარა სიმპტომი იყოს.
ყაბზობა
ყაბზობა კვებითი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ეს განსაკუთრებით გამოხატულია მცირეწლოვან ბავშვებში.
სამ წლამდე ასაკის თითქმის 9.500 ბავშვის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილების 73%-ს, რომლებსაც ყაბზობა ჰქონდათ, მოგვიანებით აღმოაჩნდათ ალერგია ძროხის რძის ცილაზე.
რაც შეეხება ზრდასრულებს, მათში ყაბზობასა და კვებით ალერგიას შორის კავშირი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის არსებობს. ამიტომ თუ რეგულარულად გაქვთ დეფეკაციის პრობლემა, შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი ასე რაიმე სახის კვებით ალერგენზე რეაგირებდეს.
დაღლილობა და მეხსიერების გაუარესება
მცენარის მტვერზე, შინაური ცხოველების ბეწვსა თუ მტვრის ნაწილაკებზე ალერგიას თან ახლავს ცხვირის ღრუს შეშუპება. ზოგჯერ ეს შეშუპება ძალიან უმნივნელო და თითქმის შეუმჩნეველია, ამიტომ ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ალერგიისადმია მიდრეკილი და ფილტვებში ჟანგბადის მიწოდება ამიტომაც აქვს გართულებული.
ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო კი წესიერად ვერ იძინებს, ხშირად იღვიძებს ღამით და დილით დაღლილი დგება. უძილობიდან გამომდინარე კი უფუჭდება მეხსიერება და ეწყება ყურადღების პრობლემები.
ნახეთქები ტუჩებზე
გამომდინარე ცხვირით სუნთქვის პრობლემებიდან, ადამიანი პირით იწყებს სუნთქვას, რაც ტუჩებზე ნახეთქების გაჩენას იწვევს.
ხშირად დახეთქილი ტუჩები ლამის პირველი სიმპტომია, რომელსაც ექიმები ალერგიით დაავადებულებში აწყდებიან.
მუცლის ტკივილი
კლივლენდის კლინიკის ექიმების თქმით, მუცელში რეგულარული და სუსტი სპაზმები კვებითი ალერგიის გავრცელებული, მაგრამ ხშირად იგნორირებული სიმპტომია.
ტკივილის მიზეზია ჰისტამინები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ალერგენთან კონტაქტის საპასუხოდ წარმოიქმნება.
მუქი წრეები თვალებქვეშ
ცხვირის ღრუს ალერგიული შეშუპება თვალქვეშა წვრილ კაპილარებში სისხლის სტაგნაციას იწვევს. ამის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება, მუქდება და თვალების ქვეშ მუქ წრეებად ჩნდება.
ხრინწიანი ხმა
სერიოზული ალერგიისას ხმის იოგები იკუმშება და ხმა ხრინწიანი ხდება. თუ ხრინწი 7-10 დღეში არ გაქრა, თერაპევტს უნდა მიმართოთ.
პანიკის შეტევა
ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის მძიმე ფორმაა, რაც ზოგჯერ პანიკის შეტევას წააგავს. ამიტომ თუ პანიკის შეტევებს რეგულარულად განიცდით და ვერ ხვდებით, რა იწვევს მას, გააანალიზეთ, რა ჭამეთ ცოტა ხნის წინ, რა გაცვიათ (ვთქვათ, ხომ არ გეკეთათ ლატექსის ხელთათმანები), რამე წამალი ხომ არ დალიეთ.
საქმე ისაა, რომ პანიკა შესაძლოა პირადად თქვენთვის საშიშ ალერგენთან კონტაქტით იყოს გამოწვეული და ამიტომ აუცილებელია დაადგინოთ მისი რაობა.