თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სოციალური პურის ფასი 10 აპრილიდან 10 თეთრით დაიკლებს, განუცხადა ჟურნალისტებს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც ამატებს.
„ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა, ამას შევასრულებთ“, – განაცხადა დოლიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფასის დაკლება წონაზე არ იმოქმედებს.
გარდა ამისა, დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქსელურ მაღაზიებში ფასის შემცირება ორგანიზებულად მოხდება. თუმცა, როგორ მოიქცევიან საოჯახო ტიპის მცირე მაღაზიებში, ამის თქმა რთულია, აღნიშნა მან.
„ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პურზე ფასი შემცირდება, კვირის დასაწყისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ამის საფუძვლად ფქვილის გაიაფება დაასახელა.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.