მურუსიძე მისთვის სანქციების დაწესებაზე: ამერიკას ჩვენი სასამართლოს დაქვემდებარება სურს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად ოთხ წევრს
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ეს არის მცდელობა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს აშშ-ს, ასე გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“.
„ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა მურუსიძემ.
მისი თქმით, სანქციების შემოღებით მისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ეს უსიამოვნოა.
„არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია, ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება“, - განაცხადა მურუსიძემ.
ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, აღნიშნა მან. ამასთან მან დასძინა, რომ ამერიკამ ის აშშ-ის საელჩოს მისამართით ნეგატიური გამონათქვამების გამო დასაჯა.
„იფიქრეს, ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს... ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ, რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
კელი დეგნანი
იმავდროულად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განმარტა, რომ სავიზო სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. თუმცა, თავად სანქციები არ შემოიფარგლება კონკრეტული პერიოდით, მაგრამ გამონაკლისის სახით, პირი შეიძლება დაშვებული იქნეს შეერთებულ შტატებში კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთვევაში.
რაც შეეხება მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულების მიზეზებს, აშშ-ის ელჩის თქმით, გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. თავიანთი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოღებისთვის. „საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნავენ საელჩოში.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები შეესაბამება აშშ-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას.
„სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში“, – აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.
გარდა ამისა, საელჩო საუბრობს საქართველოში სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, რაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირობაა.