კობახიძე: მოსამართლეების მიმართ აშშ-ის სანქციების დაწესების უკან კორუფციული პროცესებია

ვინც სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ხელმოსაწერად ეს დოკუმენტი, ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შეცდომაც, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ვინც დგას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების უკან, ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში“.
„კორუფციაში, როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე გაიხსენა 2015-2016 წლებში „შტურმი“ სასამართლო სისტემაზე და ამაში „უცხოური აგენტები“ დაადანაშაულა.
„საქართველოს არ უყურებენ, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამ დროს ხელისუფლების ამოცანაა ბოლომდე დაიცვას ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება უწინდებურად შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას.
ამავე დროს მმართველი პარტიის ლიდერმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ აშშ-მა კორუფციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინეს.
„ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევის პოლიტიკური ინტერესი არსებობს. და ვინც სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ხელმოსაწერად ეს დოკუმენტი, ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შეცდომაც.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს პასუხია, რომ არ აპირებენ გაუზიარონ საზოგადოებას ინფორმაცია მოსამართლეების დანაშაულების შესახებ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულების მიზეზებს, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული, რომ აღნიშნული მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობის სტანდარტებისთვის სავიზო სანქციების შემოღებისთვის. ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებაა.

სანქცირებული მოსამართლეები

ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა მოსამართლის კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ ახორციელებს.
მურუსიძე მისთვის სანქციების დაწესებაზე: ამერიკას ჩვენი სასამართლოს დაქვემდებარება სურს >>
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ მას სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ხოლო ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ მუშაობა სასამართლო სისტემაში დაიწყეს. გარდა ამისა, მან ასევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.