თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ შეუძლიათ „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლებს უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების დაჯარიმება.
თბილისში მუნიციპალურ ავტოსადგომებზე ავტომობილის დასაყენებლად აუცილებელია შესაბამისი აბონემენტის ფლობა. გარდა ამისა, დედაქალაქის ბევრ რაიონში ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემა მოქმედებს.
ვიცე-მერმა განაცხადა, რომ „თბილისი პარკინგის“ ოპერატორ კომპანიებს არა აქვთ წვდომა იმ ადამიანების პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც უცხოეთიდან შემოვიდნენ, მათ შორის, რუსეთიდან. რაც შეეხება მითითებას, რომ მათ არ უნდა დააჯარიმონ კონკრეტულად რუსულნომრიანი მანქანები, ეს სიმართლე არ არის, განაცხადა ხმალაძემ.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და, განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი“, – განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის მერია მუშაობს ამ საკითხის გადასაწყვეტად, აღნიშნა ვიცე-მერმა.
მან განმარტა, რომ აჯარიმებენ არა ავტომობილს, არამედ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მფლობელია. ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით კი, რომელიც „თბილისი პარკინგის" თანამშრომლებს აქვთ, შეუძლებელია ინფორმაციის მიღება უცხოურნომრიანი მანქანების მფლობელებზე.
„როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ისინი აჯარიმებენ. თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება, ჯარიმა ჩვეულებრივ გამოიწერება", – განაცხადა ხმალაძემ.
„თბილისი პარკინგს“ უცხოელის დაჯარიმება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მძღოლი ადგილზეა.
ხმალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერია მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასევე იმაზე, რომ ჰქონდეთ წვდომა შსს-ს ბაზებთან. მაშინ „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლები შეძლებენ უცხოური ნომრის მქონე ავტომობილების დაჯარიმებას მაშინაც კი, როცა ისინი ადგილზე არ იქნებიან.
მუნიციპალურ პარკინგებზე წლიური აბონემენტის ღირებულებაა 50 ლარი, 6-თვიანის – 25 ლარი.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის ბევრ უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
რა ღირს პარკირება თბილისში
© Sputnik
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.