თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 2019 წლის 24 ივლისს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვალის გადახდასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა მამა-შვილს. პროკურატურის ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ორივე დაზარალებული გადარჩა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, 2019 წლის 24 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა