ლიბანმა საქართველოს XVIII საუკუნის ხელნაწერების ასლები გადასცა

ახალი კვლევები სპეციალისტებს დაეხმარება სათანადოდ შეაფასონ და გააანალიზონ საქართველოს როლი ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, აღნიშნეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ლიბანის ქალაქ საიდას ბიბლიოთეკიდან საქართველოს XVII საუკუნით დათარიღებული ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსიები გადაეცა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ ლიბანში წარგზავნილი სამეცნიერო ექსპედიციის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ქართული ხელნაწერები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
ლიბანმა საქართველოს XVIII საუკუნის ხელნაწერების ასლები გადასცა
ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტრის (ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR) ბიბლიოთეკაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართველ მეცნიერთა ექსპედიციის მუშაობის შედეგად საქართველოს გადმოეცა ოთხი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია. ოთხივე დოკუმენტი ლიტურგიკული ხასიათისაა.
სამეცნიერო ექსპედიციის წევრები იყვნენ: საქართველოს ხელოვნების სასახლის, კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი ნანა მირაშვილი და აღმოსავლეთმცოდნე თამარ დემეტრაშვილი.
ლიბანმა საქართველოს XVIII საუკუნის ხელნაწერების ასლები გადასცა
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, ამ ოთხიდან ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობი იყო.
საქართველოში ჩამოტანით ისინი სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ამგვარად მეცნიერებს გაუჩნდათ ახალი საკვლევი მასალა, ნათქვამია განცხადებაში.
ლიბანმა საქართველოს XVIII საუკუნის ხელნაწერების ასლები გადასცა
აღნიშნულია, რომ მონაპოვარი უაღრესად საყურადღებოა ეროვნული თვალსაზრისით – მას აქვს კულტურულ-რელიგიური ღირებულება, რომელიც ადასტურებს საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უძველეს კულტურულ და სასულიერო კონტაქტებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლიბანში ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის; გამოკვლევები მათ დაეხმარება სათანადოდ შეაფასონ და გააანალიზონ საქართველოს როლი ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში.
ლიბანმა საქართველოს XVIII საუკუნის ხელნაწერების ასლები გადასცა
ლიბანის ქართული კულტურული მემკვიდრეობის მონაცემებით ისარგებლებენ, პირველ რიგში, უმაღლესი სასწავლებლები, ჰუმანიტარული მიმართულების სამეცნიერო დარგთა წარმომადგენლები, განსაკუთრებით – ისტორიკოსები, ასევე ფილოლოგები, ახალი და უახლესი ისტორიით დაინტერესებული მკვლევარები და კულტუროლოგები.
„პროექტის შედეგები ღირებული და მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიული კავშირების კვლევის თვალსაზრისით, არამედ ქართველოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებისათვის“, – განაცხადეს სამინისტროში.