რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი

გასული წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო სტაბილური განვითარების გზები უნდა ეძებოს, განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა, შესაძლოა, შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსური რესურსების შემოდინების შემცირების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4% შეადგინა, თებერვალში – 5,8%, ორი თვის მანძილზე კი ქვეყნის ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4,5%-ით ვარაუდობს. 2024 წელს კი მოსალოდნელია მშპ-ის 5%-მდე ზრდა მომსახურების სფეროში მზარდი მოგების ფონზე.

„გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო სტაბილური განვითარების გზები უნდა ეძებოს“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა.

მისი თქმით, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში პოზიციების გასამყარებლად და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება.
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია, რომელმაც 2022 წელს თითქმის 12% შეადგინა, 2023 წელს განახევრდება – 6%-მდე დავა, 2024 წლისთვის კი მისი 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
„აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია", – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ADB პროგნოზირებს ინვესტიციების 5,5%-ით, 2024 წელს კი 3,5%-ით ზრდას. ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 2,7%-ის, ხოლო 2024 წელს 2,5%-ის ეკვივალენტით შემცირდება.
საქართველოს ეკონომიკა იზრდება - იანვრის სტატისტიკა>>>
ბანკის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2023 წელს მშპ-ის 5%-მდე, ხოლო 2024 წელს 6%-მდე გაიზრდება. სავაჭრო დეფიციტის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ექსპორტის ზრდა 10,7%-მდე შენელდეს, რაც 2024 წელს 11,2%-ს მიაღწევს.
ასევე მოსალოდნელია წლის მანძილზე ფულადი გადარიცხვების 2,5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირება, რადგანაც მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც, სავარაუდოდ, სავალუტო კურსზე წნეხს გამოიწვევს.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.