სასამართლომ სოსო გოგაშვილს განაჩენი გამოუტანა

გოგაშვილი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ გოგაშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს და პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

„ბრალდების მხარეს მრავალი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი და სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა: დამნაშავედ ცნო იოსებ გოგაშვილი ყველა ბრალდებაში“, – განაცხადა სასამართლოს სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობისას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.
სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად ზემოაღნიშნული მონაცემები სამსახურიდან პირადი მიზნებისთვის გაიტანა და საკუთარ სახლში ინახავდა. ინფორმაციის ნაწილი გოგაშვილის მონაწილეობით საჯაროდ გავრცელდა, რამაც დაარღვია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სოსო გოგაშვილის სახლში სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ >>
ამას გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ ამოღებული საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი გოგაშვილმა სხვა პირს გადასცა და ამით სახელმწიფო საიდუმლოება განზრახ გაამხილა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა უკანონოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთაგან ორი არ იყო რეგისტრირებული, სამი ერთეული კი რეგისტრირებული იყო გოგაშვილის ახლო ნათესავის სახელზე, რომელსაც ის ასევე უკანონოდ ინახავდა საკუთარ სახლში.