თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლის შემოდგომაზე გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამ ფორმულირებას არ დაეთანხმა კონსორციუმი, რომელმაც საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.
ტერიტორიები, სადაც პორტი უნდა განვითარდეს, უკვე ეკუთვნის სახელმწიფოს – სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს.
როგორც ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქონების მართვის ეროვნული სააგენტო დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას, რომელიც არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა შესაძლებელი იყოს მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
დავითაშვილმა განმარტა, რომ მოგვიანებით ეს ყველაფერი იქნება იმ ერთობლივი კომპანიის ნაწილი, სადაც ხელისუფლება და კერძო პარტნიორი ითანამშრომლებენ.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.