თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საუბარია ადრე ნასამართლევ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვა თბილისში 7-9 მარტის აქციებზე. დაკავების შემდეგ გრიგორიადისს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება გრიგორიადისს სამაგალითოდ სჯის.
„ძალიან უცნაურია, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში?! ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან", – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თუ გამოძიებას მყარი მტკიცებულებები ექნება, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები.
„კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და დღეს ეფარება კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში, და მეორე მხრივ ცდილობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით მას მხარი დაუჭიროს", – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიციელები „მოლოტოვის კოქტეილით" დაწვისგან დამცავმა აღჭურვილობამ და კარგმა მომზადებამ იხსნა.
„თურმე, ეს უნდა „გავატაროთ", იმიტომ რომ რომელიღაც ოპონენტს უთქვამს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრებაო. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ამ ქვეყანაში... არავის აინტერესებს არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არც განსხვავებული შეხედულება თუ გამომეტყველება და არც განსხვავებული ვიზუალი ვინმესი", – განაცხადა მდინარაძემ.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 21 წლის გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო ორმა პოლიციელმა. მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.