ხანძარი „ამბასადორში“: ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის ანზორ ლომიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროს ფონზე ვერანდაზე დგას.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მედიკამენტებს არ იღებდა.
ხანძარი „ამბასადორში": სასტუმროს გადაწვაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს>>
„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი“, – განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარის პოზიცია კი ისაა, რომ ანზორ ლომიძე ვერ აღიქვამს მოვლენებს და შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.
გამოძიების მიხედვით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.