როდის გაიაფდება პური საქართველოში - ექსპერტის პასუხი

მწარმოებელმა შეიძლება ფასი დაწიოს, მაგრამ უცნობია, დააკლებენ თუ არა ფასს მაღაზიის მფლობელები, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. დღეს საქართველოში არსებობს პურის ფასის 10 თეთრით შემცირების შესაძლებლობა, განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც ამატებს.

„პურის 10 თეთრით გაიაფების საშუალება ახლა არის, პურის ფასის შემცირების შესაძლებლობას ფქვილის გაიაფება გვაძლევს. გასულ კვირას თუ ერთი ტომარა ფქვილი 57 ლარი ღირდა, ახლა 53-54 ლარი ღირს. გასულ წელს კი ფქვილის ღირებულება 70 ლარი იყო. წელს ფქვილის იმპორტის ზრდა და ფასის შემცირება იძლევა იმის საშუალებას, რომ პური გაიაფდეს“, – განაცხადა დოლიძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.

პურის ფასმა შეიძლება დაიკლოს – პრემიერი >>
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პურის მწარმოებლები მაღაზიებში პროდუქციის 10 თეთრით იაფად მიწოდებას გეგმავენ, ეს არ იძლევა დახლებზე პროდუქციის ფასის შემცირების გარანტიას.
„შეიძლება მეწარმემ ფასი შეამციროს, მაგრამ მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ქირაობენ ფართებს, ხარჯები აქვთ. ამიტომ ის თუ დააკლებს, ეგ არ ვიცით. ჩვენ 10 თეთრს რომ დავაკლებთ, შეიძლება იმან არ გამოხატოს ეს ფასში, ესაა მთავარი“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასობაში მთავრობას პოზიტიური მოლოდინი აქვს პურის გაიაფებასთან დაკავშირებით. როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პურის ფასმა საქართველოში, ფქვილზე ფასების შემცირების ფონზე, შეიძლება დაიკლოს.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.