ქართული პოლიტიკის „შავი ბუღალტერია“ ანუ ვის აფინანსებს კეზერაშვილი

სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა საკუთარ ტელეარხზე საქართველოში ოპოზიციონერებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არაფერი აკავშირებთ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და მის ფინანსებთან.
კეზერაშვილის გამოჩენამ თავისივე ტელეარხ „ფორმულაზე“ და მისმა განცხადებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. კეზერაშვილის სიტყვებით, დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს და ის ერთ-ერთი მათგანია. გარდა ამისა, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელების გეგმებზე, მაგრამ არ დაუზუსტებია, ვისთან ერთად. მხოლოდ ის თქვა, რომ არ ეძებს პარტნიორებს.
თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა ასევე, რომ კავშირი აქვს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და დასძინა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით დაეხმარება. მან აღიარა აგრეთვე, რომ თავის დროზე გარკვეული დოზით უჭერდა მხარს ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს.
ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ, მაშინ, როცა „ქართულ ოცნებაში“ მის განცხადებაში პოლიტიკური კორუფციის ნიშნები დაინახეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში არ არის არავითარი მონაცემები იმ დაფინანსებაზე, რომელზეც საჯაროდ ისაუბრა კეზერაშვილმა, ამიტომ ისინი ვალდებული არიან, საჯაროდ გასცენ მას პასუხი.

ოპოზიციური პარტიების პასუხი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტიაში არავითარი „შავი ბუღალტერია“ არ არსებობს.

„დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს, ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსურ დეკლარაციას ვავსებთ. არანაირი „შავი ბუღალტერია“ არ გვაქვს. ეს რომ ასე იყოს, ხელისუფლებას ვერავინ მოასწრებდა ჩვენ წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

დაფინანსების საკითხს არეგულირებს კანონი. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დაფინანსება გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომია, განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„საერთოდ, გამჭვირვალობის მომხრე ვარ და რასაც კანონი არეგულირებს, ყველამ უნდა დაიცვას. ჩვენ ამას ვიცავთ. ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს. ჩვენ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ვხედავდეთ, ვითანამშრომლებდით. თანამშრომლობა არ გვაქვს და არ ვგეგმავთ ბევრი მიზეზის გამო. ვინ გვაფინანსებს და როგორ ვმუშაობთ, ცნობილია“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
კეზერაშვილის კავშირი „რესპუბლიკური პარტიის“ დაფინანსებასთან ასევე უარყო პარტიის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

„ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა... ოპოზიციაში ოლიგარქის ძიება, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნებიდან“, დიახ, არის პოლიტიკური დაკვეთა. მე შემიძლია ვისაუბრო „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. პარტიას არ აფინანსებდა, არც ახლა აფინანსებს და არც მომავალში დააფინანსებს კეზერაშვილი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ სისულელე უწოდეს კეზერაშვილის მხრიდან მათ დაფინანსებას. ოპოზიციონერი დეპუტატისა და პარტიის წევრის მიხეილ დაუშვილის სიტყვებით, პარტიას მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ამასთან, დაუშვილმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, თუმცა, დეპუტატის აზრით, „მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა“.
„ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ორივე მხარეს მიუღებელია. ვინც პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება, ეს ყველას უფლებაა. პროცესების არაფორმალურად მართვა ყველა მხარეს მიუღებელია – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის“, – განაცხადა დაუშვილმა.
კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არაფერი აკავშირებს კეზერაშვილთან.
„ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ვინმე ფულს თუ გაძლევს, ამ ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
აღსანიშნავია, რომ როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, ის პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური არ უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს