თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, შესაძლოა, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვის შემდეგ ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაიგზავნოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ – ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ უკვე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე მიუთითა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში ამ კანონპროექტის განხილვა განახლდება საპარლამენტო კომიტეტებში. ამის შემდეგ, ვიდრე განახლდება პლენარულ ფორმატში განხილვა, კანონპროექტი შეიძლება გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ამის შესახებ დეპუტატებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ისაუბრეს, რომლებმაც უკვე შესწორებული დოკუმენტის ხელახალი განხილვის ინტერესი გამოხატეს.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, არსებული სახით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ხელისუფლებას პროცესზე საკმაოდ დიდ გავლენას ანიჭებს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შექმნეს უკრაინის კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.
რა მიიღო პარლამენტმა?
კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი“ არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
კერძოდ, თავად ოლიგარქებს და მათ ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალებათ პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში.
ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში, ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.