თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა განუხრელად იზრდება და მომდევნო 40 წელიწადში ამ მხრივ ახალი რეკორდები დამყარდება, გადააჭარბებს რა ეს მაჩვენებელი 122 წელს, აცხადებენ ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები. მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Plos One.
აღსანიშნავია, რომ 122 წელი — ეს ოფიციალურად რეგისტრირებული მაქსიმალური ასაკია, ამ ასაკამდე ფრანგმა ქალბატონმა ჟანა-ლუიზა კალმანმა მიაღწია (გარდაიცვალა 1997 წელს). სწორედ ამიტომ მიიჩნევა ეს ნიშნული ადამიანისთვის სიცოცხლის უკიდურეს წერტილად.
ჯორჯიელი მეცნიერები ამ რიცხვს არ ეთანხმებიან და მათემატიკურ გამოთვლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ეს სულაც არ არის ზღვარი, და რომ რეალურად ადამიანს 150 წლამდეც შეუძლია იცოცხლოს.
როგორც ირკვევა, სწავლულებმა 19 განვითარებული ქვეყნის ასობით მილიონი მცხოვრების სიკვდილიანობის ანალიზი ჩაატარეს, რომლებიც 1700-დან 1900-იან წლებამდე პერიოდში იყვნენ დაბადებული. მათი კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით, 50-დან 100 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
მათემატიკურმა მოდელმა გარკვეული კანონზომიერებები გამოავლინა და სწორედ მათ საფუძველზე დადგინდა ასაკი, რომლამდეც ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს მომავალში.
კერძოდ, მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ თუ 1900 წლამდე დაბადებულ ადამიანებში ასაკობრივი ცენზი ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო, უკვე 1910-1950 წლამდე პერიოდში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი აზრით, ეს შესაძლოა სამედიცინო ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს გაუმჯობესებას უკავშირდებოდეს.
„მოდელის თანახმად, ყველაზე ასაკოვან იაპონელ ქალს, რომელიც 1919 წელსაა დაბადებული, მინიმუმ 50%-იანი შანსი აქვს იმისა, რომ 122 წლამდე ან უფრო მეტ ხანს იცოცხლოს. ხოლო ყველაზე ხნოვან იაპონელ ქალს, რომელიც 1940 წელს ან უფრო გვიან იქნება დაბადებული, ასევე 50%-იანი შანსი აქვს იმისა, რომ მისმა ასაკმა 130 წელს გადააჭარბოს“, — აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი დევიდ მაკარტი.
თუმცა სწავლულთა წრეებში ჯორჯიელი მეცნიერების ამ მოსაზრებას მოწინააღდეგეებიც ჰყავს. კრიტიკოსების აზრით, ამ კვლევის შედეგები ზუსტი და სანდო ვერ იქნება, ვინაიდან ის მათემატიკური და დემოგრაფიულია და არ ითვალისწინებს ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებას, მაგალითად იმას, რომ ასაკთან ერთად ორგანიზის უჯრედები ასაკობრივი დაავადებებისადმი, ვთქვათ, კიბოსადმი მიდრეკილი ხდება.
ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი პროგნოზების გაკეთება მხოლოდ ცოცხალ არსებათა დიდ ჯგუფებზე ჩატარებული კვლევებით შეიძლება, ვინაიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა ბიოლოგიური კატეგორიაა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორები დაეთანხმნენ ამ შენიშვნას, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვეს, რომ მათემატიკურმა მოდელმა მაინც მისცა მათ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც ისტორიული სიკვდილიანობის მონაცემებს ეყრდნობა.